ზანა

ზანა
მდინარე ,,ზანაძგა"

Monday, November 11, 2013

,,გაიცანით ჩემი რაიონი"

ჩვენი სოფელი არის გაღმა საჯიჯაო, რომელიც მდებარეობს ხობის რაიონში, ოდიშის დაბლობზე. ზღვის დონიდან 50 მეტრის სიმაღლეზე. სოფელს მდინარე ზანა ჰყოფს ორ ნაწილად, ხოლო ხობის წყალი ჩაუდის მარჯვენა მხარეს. ხობიდან დაშორებულია 23 კილომეტრით. უახლოეს სადგურ სენაკამდე არის 19 კილომეტრი.
რელიეფი არის როგორც გორაკიანი ასევე ვაკე. ჰავა ზომიერია. ქრის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარი. ბუნებრივი რესურსებიდან არის მდინარეები, ღორღი, ქვიშა. მცენარეებიდან გავრცელებულია ფართოფოთლოვანი მცენარეები.
სოფელი ოდითგანვე დასახლებული ადგილი ყოფილა, სოფელში სხვადასხვა გვარის ოჯახები ცხოვრობენ. მათ შორის უმრავლესობა არიან ჭანტურიები, კუჭავები, ნანეიშვილები, გვხვდება ტყებუჩავა, ჩიქოვანი, ჟვანია, თოდუა, ბოჭორიშვილი, მზარელუა, ჭაავა, ჭიჭინაძე და ა. შ. სოფელში ცხოვრობდნენ ძიძავები, ჯიჯავები. ამას ამტკიცებს სოფლის კუთხეებად დაყოფა: საჭანტურიო, სანანეიშვილო, საკუჭაო, ძიძას კარი და სხვ. დღეს ძიძავები და ჯიჯავები სოფელში არ ცხოვრობენ. არსებობს ასეთი თქმულება: აქ სოფელში ბევრი იყო ჯიჯავების გვარის ოჯახები და ამიტომ უწოდეს საჯიჯაო. როგორც ამბობენ ბოლო ოჯახი ჯიჯავებიდან დედისერთა ბიჭი ომში გაუწვევიათ, ის ომში დაღუპულა, დედა კი გარდაიცვალა, ამით დამთავრდა მათი გვარის არსებობა. სოფელში ჭანტურიების გვართან არის დაკავშირებული ძველი ტრადიცია ,,ბატონების ხვამა", რომელიც დღესაც გრძელდება და ყოველ მეორე წელს ტარდება. თურმე ერთხელ ბატონები სახადივით მოედო სოფელს და ბევრი ბავშვი იმსხვერპლა. ამიტომ გადაუწყვეტიათ ბატონების სახელზე ამ რიტუალის შესრულება. მთელი გვარი აგროვებს თანხას, სანთელს. ყიდულობენ საკლავს, გვარის უხუცესი ამბობს ლოცვას, კლავენ პირუტყვს და წარმოთქვამენ სადღეგრძელოებს. 
ჩვენი სოფლის მოსახლეობა შრომისმოყვარე და სტუმართმოყვარე ხალხია. ადრეულ წლებში თურმე როგორც უფროსებისგან გადმოცემით ვიცით სოფელში ჩქეფდა ცხოვრება, ყოფილა კლუბი, სადაც იმართებოდა კონცერტები, ტარდებოდა კინოსეანსები. სოფელს ჰქონდა ბიბლიოთეკა ძალიან მნიშვნელოვანი და იშვიათი წიგნებით. დღეს სოფელს უდიდესი დეფიციტი აქვს ამ მხრივ. ბიბლიოთეკა მეზობელი სოფლის ცენტრს გაუერთიანეს, კლუბი კი დიდი ხანია დახურულია. სოფლის მასწავლებლების დიდი ძალისხმევით 9 კლასიანი სკოლაა დარჩენილი, როგორც ამ სოფლის არსებობის დამადასტურებელი ერთადერთი წყარო. ჩვენს სკოლაში ადრე ყოფილა სანიმუშო გეოგრაფიული ველი, რომელიც ერთადერთი იყო ქვეყნის მაშტაბით და მის სანახავად თურმე ყველა კუთხიდან ჩამოდიოდნენ. მაგრამ დღეს ჩვენთან ცეკვის მასწავლებელიც კი არ მოდის ბავშვთა სიმცირის გამო. მოსწავლეების რაოდენობა კი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ყოველწელს კლებულობს.
დღეისათვის მთელ სოფელს მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება და არსებობა, სოფელში ძალიან ბევრი პრობლემაა. მაგ: არ არის მოწესრიგებული გზა, არის უმუშევრობა, გაჩეხილია ტყე, არ არის ხიდი. სოფელს მოეხსნა ერთი დიდი პრობლემა, როდესაც 1989 წელს აგებულა დიდი ხიდი მდინარე ხობისწალზე, რომლის მეშვეობითაც სოფელი უკავშირდება ქალაქს, რომელზეც წლების მანძილზე ხის ხიდი ყოფილა და მხოლოდ ფეხით გადასვლა  იყო შესაძლებელი. მაგრამ სოფელს შიგნით ჩამოუდის მდინარე ზანა, რომელზეც 2 ადგილას არის პატარა ხიდი, ორივეგან გაუმართავ მდგომარეობაში და მანქანების მოძრაობა არის სახიფათო. 
ადრე სოფლის მცხოვრებთა 70% ხეების ჩეხვით ირჩენდა თავს, რაც ბოლო წლებში აიკრძალა ტყის შესაძლო განადგურების გამო. ახლა ზაფხულობით მთელი სოფელი დაცარიელებულია, უმეტესობა მაცხოვრებლებისა მიემგზავრება მეზობელ თურქეთში სამუშაოდ და იქ მძიმე შრომით ცდილობენ ოჯახების რჩენას.
სოფელს არ ემსახურება მუნიციპალური ტრანსპორტი, რის გამოც მოსახლეობას უჭირს რაიონთან დაკავშირება.
შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე სოფელი დღითიდღე ცარიელდება და ხდება მოსახლეობის იძულებითი მიგრირება ქალაქებში და სხვა ადგილებში.
ყველა ზემოთაღწერილი პრობლემის მოსაგვარებლად და სოფლისათვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად პირველ რიგში აუცილებელია დაიგოს გზა,  გაკეთდეს ხიდი, დასაქმდეს სოფლის მოსახლეობა. თუ გზა დაიგება სოფელში და მოსახლეობა დასაქმდება, ეს სულს ჩაუდგამს მის არსებობას და ოდითგანვე მდიდარი სოფელი ისევ აღორძინდება.


 ,,ჩვენ შესახებ“ 

1. ნანა შამათავა  VIII კლ. ტ: 597011754
2. ნიკა ჭანტურია VIII კლ. ტ: 551168303
3. შმაგი ჭანტურია VIII კლ. ტ: 598284844
4. ბუბა ჭანტურია VIII კლ. ტ: 591713811
5. ბედისი ჭანტურია VIII კლ. ტ: 597981077